среда, 9 июля 2014 г.

პოსტი ფეისბუქიდან...

არ ვიცი რატომ, რამ მიბიძგა, მაგრამ პარლამენტის შენობაში ფოტოსურათების გამოფენაზე შორიდან სწორედ ამ სტენდმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, და მიუხედავად იმისა, რომ მეჩქარებოდა, გზას გადავუხვიე და მივუახლოვდი. ახალგაზრდა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირული იუნკერი ბესარიონ კემულარია აღმოჩნდა.
"ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)

1921 წლის მარტში ბესოს უმცროსმა დამ, 22 წლის მარიამ კემულარიამ, შეაღწია ფილიპე მახარაძესთან და სთხოვა, ნება დაერთოთ ძმის ცხედარი საძმო საფლავიდან ქუთაისში გადაესვენებინა. მახარაძის შეკითხვაზე: «ბიძიკო, შენ პატრონი არ გყავს?» მან უპასუხა: «პატრონი თქვენ მომიკალით!»...

ნება დართეს. მარიამმა მუშები იქირავა და მარტის სუსხიან დღეს «სობოროს» საძმო საფლავი გაიხსნა. შეამოწმეს თერთმეტი დაღუპული ვაჟკაცი, ბესო მათ შორის არ იყო. «მეტი აღარ შეგვიძლია!» - განაცხადეს მუშებმა. მარიამმა სთხოვა მეთორმეტეც ენახათ და თუ ბესო არ იქნებოდა, იმ მეთორმეტეს წაასვენებდა, დაკრძალავდა და იგლოვებდა როგორც ძმას. მეთორმეტე სწორედ ბესო აღმოჩნდა!...

მარიამმა ძმა ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში დაკრძალა. გავიდა ხანი, საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დაანგრია, სასაფლაო გააუქმა და იმ ადგილას ე.წ. «მთავრობის სახლის» აშენება გადაწყვიტა.

ოჯახმა ბესოს საფლავი კვლავ გახსნა და ნეშტი საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენა.

(დისშვილის ნათელა ხურცილავას მოგონება)"

 ავთო კემულარია

Комментариев нет:

Отправить комментарий